პარლამენტის ბიუროს სხდომა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 13:41
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის 19-21 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.

კანონმდებლები მიმდინარე კვირაში ასამდე საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ბიუროს წინა სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად დაემატა. სხვა არსებითი ცვლილებები დღის წესრიგს არ განუცდია.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების თანახმად, პარლამენტი ხვალ, 20 სექტემბერს განიხილავს 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს. 21 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელებენ.

ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მურთაზ კიკორიას განცხადება 2018 წლის 30 ნოემბრიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ტეგები