თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 13:57
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ერთ-ერთ პარასკევს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ლექცია-კონცერტების მესამე სეზონი გაიხსნება.

ამის შესახებ კონსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ მიეძღვნა. ლექციები 28 სექტემბერს დაიწყება და მათი ხანგრძლივობა 50-60 წუთი იქნება.

პრესკონფერენციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორი მანანა დოიჯაშვილი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიდი დარბაზის დირექტორის მოადგილე ნატა მეცხოვრიშვილი უძღვებოდნენ.

სოფიო ხუნწარიას თქმით, არაფორმალური განათლება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„პროექტის სამიზნე ჯგუფი საჯარო სკოლების 7-14 წლის ასაკის მოსწავლეები არიან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ცნობიერებაში კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში ჩაისახოს. პროგრამა თითოეულ მათგანს შესაძლებლობას მისცემს, ამ ჯადოსნურ სამყაროს ეზიაროს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

აღნიშნული პროექტი საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს. თითოეულ ლექციას პროფესიონალი მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები: ნანა კაცია, მიხეილ ქირია, ნინო ანანიაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამარ ლიჩელი, ირაკლი ევსტაფიშვილი, კოკა ნიკოლაძე, მირიან ხუხუნაიშვილი და ნინო ჟვანია გაუძღვებიან. თემატიკის შესაბამისად, ყოველი ლექცია-კონცერტი გამდიდრებული იქნება მუსიკალური ნომრებით პროფესიონალი მუსიკოსებისა და ნორჩი შემსრულებლების მონაწილეობით.

კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2018/2019 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად, სპეციალური აბონემენტი მოქმედებს, რომლის შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიისა და თბილისის საკონცერტო დარბაზების სალაროებში. ასევე, ვებგვერდზე www.tkt.ge.
 

ტეგები