დავით მათიკაშვილი - „ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს“
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 16:16
დავით მათიკაშვილი - „ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა და შეზღუდვების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კანონმდებლობაში შექმნილია ვაკუუმი და სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებას ემსახურება ეს კანონპროექტი, რომელშიც საუბარია მარიხუანასთან და მის მოხმარებასთან მიმართებაში რეგულაციების მაქსიმალურად გამკაცრებაზე. წესდება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება მისი მოხმარება, ასევე ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ შეიძლება ავტომობილის მართვა, 21 წლამდე არ შეიძლება მისი მოხმარება და ა.შ. ამ წესების განხილვას ვიწყებთ დღეს და ეს ქმნის აუცილებელ პირობას იმისას, რიომ ჩვენი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დაცული ყოველგვარი ზედმეტი პრობლემისგან რაც ამ საკითხთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს.“

რაც შეეხება მცენარე კანაფის კულტივაციის საკითხს, დავით მათიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ნარკოტიკებზე, არამედ საუბარია მცენარის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე, თუმცა, მისი თქმით ეს საკითხი ჯერ შეჩერებულია. „გასაგებია ყველა ის წუხილი, რომელიც ამ მიმართულებით საზოგადოებაში წარმოიქმნა, თუმცა ყველა ამ კითხვას და წუხილს შესაბამისი ახსნა და პასუხი გააჩნია. თუკი ჩვენ ყველანი დავრწმუნდებით და ვნახავთ, რომ საუბარი არ ეხება ნარკოტიკული ნივთიერებების დამუშავებას, მის რეალიზაციას, ექსპორტს და ხდება სამედიცინო მიზნით მისი დამუშავება, კულტივაცია და ექსპორტი, ალბათ ბევრი კითხვის ნიშანი ამ კუთხით მოიხსნება“.

მისი განმარტებით მოხდება კანონპროექტის ფართო წრეებში განხილვა. „ჩვენ ვფიქრობთ ფართოდ გავხსნათ კარი და ფართოდ შევიდეთ დიალოგში ყველა დაინტერესებულ პირთან, განსაკუთრებით საპატრიარქოსთან. გავცეთ პასუხი ყველა იმ დასმულ კითხვას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში არის საზოგადოებაში შექმნილი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაცია და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს“, - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

ტეგები