გუგული მაღრაძე კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 18:15
გუგული მაღრაძე კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანა ტერესიტა გონსალეს ფრაგას შეხვდა.

გუგული მაღრაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა კუბის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა საერთაშორისო ფორმატებში ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი,  ასევე შეეხო ეკონომიკურ ურთიერთობებს, კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

ანა ტერესიტა გონსალეს ფრაგამ აღნიშნა, რომ კუბაში საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია და ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მისი ქვეყნის მზაობა გამოხატა.

„ეს არის კუბის დელეგაციის პირველი ოფიციალური  ვიზიტი საქართველოში. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. აღვნიშნეთ, რომ უნდა გაღრმავდეს როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობები.

ჩვენ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შევთავაზეთ დახმარება ელექტრონული მმართველობის, პოლიციის რეფორმის და საჯარო რეესტრის რეფორმის მიმართულებით“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ.