"ემიგრაციაში მყოფმა სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შენი სამშობლოს სიყვარული"
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 18:46
"ემიგრაციაში მყოფმა სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შენი სამშობლოს სიყვარული"

"როდესაც ჩვენ არჩევნების მაღალ სტანდარტზე ვსაუბრობთ, თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რადგან ვართ ამ პროცესის მონაწილეები",-ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

"თითოეული ჩვენგანი წარმოჩინდება ისე, როგორც ვიმოქმედებთ და რა ღირებულებებითაც ვიხელმძღვანელებთ. ტელევიზიით გადაიცემა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის ქართული ენის ცოდნაზე. შემდეგ ამ ნარატივს ჩვენი ოპონენტი, ნაციონალური მოძრაობის ძველი და ახალი მოძრაობის წევრები და კანდიდატები თავის გამოსვლებში უღრმავდებიან.

მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არსებობს ღირსება, სინდისი, რომლის გადასვლაც ნიშნავს უზნეობას. ასე ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვავიწყდება საქმიანი მიდგომები და პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადავდივართ.

მე მინდა ასეთ ადამიანებს შეგახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ცხოვრების ორმოცდაათი წელი გაატარა ისე, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი. მისი ოჯახი ერთი საუკუნეა რაც ემიგრაციაში იმყოფება. შეიცვალა თაობები და ამ ოჯახმა შეინარჩუნა ქართული ენა. ქალბატონმა სალომემ მაშინ ისაწავლა ქართული ენა, როდესაც ის ემიგრაციაში იყო და ჩვენ შორის არსებობდა წითელი რკინის ფარდა და მან არ იცოდა ოდესმე შეძლებდა თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ამით მან და მისმა ოჯახმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შენი სამშობლოს სიყვარული. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ გიბრუნდებათ ენა, რომ ირონიით ისაუბროთ“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა რომ, - „გრიგოლ ვაშაძე სულ რაღაც ათი წელი სამუშაოდ იყო მოსკოვში და ისე დაავიწყდა ქართული ენა, რომ შტაბბინის ნაცვლად დღესაც „შტაბკვარტირას“ ამბობს. მე ეს ნამდვილად მრცხვენია და მოხარული ვარ, რომ ასეთი ფასეულობების ადამიანები ვეღარასოდეს გადაწყვიტავენ ჩემი ქვეყნის ბედს.

ჩვენი ოპონენტებიდან ორი კანდიდატი არის გამორჩეული. ეს ორი კანდიდატი, შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა პარტიას, მაგრამ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენენ. ერთი კანდიდატი გამორჩეულია „სუკის“ სოლიდური ბეგრაუნდით და ეს თვალსაჩინოა. მინდა შეგახსენოთ, რომ მეორე კანდიდატი, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაშინ იმდენად ჩვეული იყო სახელმწიფო ინსტიტუციების შეურაცხყოფა და გათელვა, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის და მუშაობის წესი იყო. ფაქტობრივად პარლამენტი, ის რაზეც ფუძნდება კონსტიტუცია, ღირსება სახელმწიფოს ხედვა და ადამიანის უფლებები, სანოტარო ბიუროდ გქონდათ გადაკეთებული, და მაინტერესებს, თქვენი კანდიდატი დავით ბაქრაძე გახდა პრეზიდენტი, ესეთი პრინციპული იქნება როგორც თქვენ გგონიათ? ესეთივე პრინციპულობას გამოიჩენს, როგორც ის მიხეილ სააკაშვილის მიმართ იჩენდა?“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ის რიტორიკული კითხვებია, რომელსაც პასუხები არაერთხელ გასცა ჩვენმა მოსახელობამ და კიდევ არაერთხელ გასცემს.