კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირეს მხარი
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 10:33
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირეს მხარი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაუძღვებოდა, მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა კახა კუჭავამ წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, კახა კუჭავადა ნინო წილოსანი.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიზანია, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში (№2196-IIს, 20.04.2018) ამ კოდექსში საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული სხვა ცვლილებების ტექნიკური ასახვა, რათა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგ ნორმებში არ მოხდეს გადაფარვა და მოხდეს უკვე მიღებული კანონპროექტების შესაბამისობაში მოყვანა იურიდიული ტექნიკისა და კოდიფიკაციის თვალსაზრისით.

სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტები ოჯახურ დანაშაულთან, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასთან, ოჯახში ძალადობასთან და წამების მუქარასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებენ.

წარმოდგენილი ცვლილებები აგრეთვე აწესრიგებს შემაკავებელი და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობასთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამის შემდეგ, სხდომამ მუშაობა კომიტეტების გაერთიანებულ ფორმატში გააგრძელა.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა ერთობლივად, პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები.

ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე პარლამენტართა ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და მასში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა შესული.

„მთავარი არსი ამ რეგლამენტის არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვნად აძლიერებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, ძალიან აძლიერებს კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე მთავრობის წევრების დაბარების შესაძლებლობას პარლამენტის წევრების მხრიდან და ასევე ბევრად უფრო გამჭვირვალეს და ეფექტურს ხდის პარლამენტის საქმიანობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტში კანონპროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა და კითხვების დიდი ნაწილიც მაშინ დაისვა, დღეს კი კიდევ ერთხელ მოხდება გარკვეული საკითხების დაზუსტება და გადაწყვეტილების მიღება კომიტეტების დონეზე.

თამარ ჩუგოშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ პრეზენტაციის დროს მრავალი კითხვა დაისვა და მათზე პასუხებიც გაიცა, რის შემდეგაც ჯგუფმა დოკუმენტზე მუშაობა გააგრძელა და ის საკითხები, რომლებიც პრეზენტაციისას წამოიჭრა, თითქმის ყველა აისახა დოკუმენტში. მისივე თქმით, დოკუმენტი ამგვარად უკვე სერიოზულად გადამუშავებულია და ახალი რეგლამენტის განახლებული პროექტი პარლამენტის წევრებს ხვალ წარედგინება.

კომიტეტების თავმჯდომარეებმა და ცალკეულმა დეპუტატეტბმა აღნიშნეს სამუშაო ჯგუფის წევრების და პირადად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის დიდი ღვაწლი ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში და კიდევ ერთხელ წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და წინადადებები რეგლამენტის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

მათი განცხადებით, ბევრი მიმართულებით მართლაც რევოლუციური ცვლილებებია შემოთავაზებული, ბევრად გაუმჯობესებულია არსებული რეგლამენტი, ვინაიდან დღეს მოქმედმა რეგლამენტმა პრაქტიკაში ბევრი ხარვეზი გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო პროცესის კუთხით.

არსებული ნორმები გათვლილია მეტწილად დაჩქარებულ საკანონმდებლო საქმიანობაზე, რაც ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ხარისხიან კანონშემოქმედებას.

პარლამენტის საზედამხედველო და სხვა ფუნქციები არაერთგვაროვნად და არასისტემურადაა მოწესრიგებული, რაც ხშირ შემთხვევაში მათ სრულ უფუნქციობას იწვევს.

თამარ ჩუგოშვილმა დეტალურად უპასუხა სხდომაზე დასმულ კითხვებს და მადლობა გადაუხადა კოლეგებს დოკუმენტის დახვეწაში შეტანილი წვლილისათვის.

„თქვენი შენიშვნები დაგვეხმარა, რომ გაგვეუმჯობესებინა ეს დოკუმენტი და, შესაბამისად, ახლად წარმოდგენილი დოკუმენტი პირველადი ვარინატისგან საკმაოდ შეცვლილია. კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კოლეგას თქვენი შენიშვნებისათვის, მოსაზრებებისათვის, თქვენი წერიილობითი დასკვნებისათვის. უდიდესი იყო ამ შენიშვნების, წინადადებების და მოსაზრებების წვლილი და როლი დოკუმენტის დახვეწაში“, - მიმართა კოლეგებს თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს ხვალ წამყვანი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი მას კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

სხდომის დასასრულს, კომიტეტებმა წარმოდგენილ საკითხებს კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ტეგები