გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 17:26
გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს ის ისტორიული და ტრადიციული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და გრძელდება. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო უწყებებს შორის თანამშრომლობაზე იმ კონტექსტიდან გამომდინარეც, რომ ბატონი ელჩი ყოფილი დეპუტატია და მისთვის ამ მიმართულების განვითარება მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ის შედეგები გააცნო, რაც მიღწეული იქნა ორმხრივად, მისი სომხეთში აგვისტოში ვიზიტის დროს.

„ელჩს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა 24-25 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების ორდღიან სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც სომხეთის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი და დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სტუმარმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით და სურვილი გამოთქვა მისი წარმომადგენლის შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ იქნება ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ნებისმიერ აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის დონეზე განხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.

„გამოვყოფთ საკონტაქტო პირებს, რომლებიც სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას. ეს თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში განხორციელდება. ელჩის მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ჩვენი თანამშრომლობის ინიციატივების განვითარებას და განხორციელებას სომხეთთან მიმართებაში“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

ტეგები