პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის განხილვები პირველი მოსმენით საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, დასრულდა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 18:06
პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის განხილვები პირველი მოსმენით საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, დასრულდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, როგორც საკითხზე განსაზღრულმა წამყვანმა კომიტეტმა, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

რეგლამენტის პროექტის ძირითადი პრინციპები, მისი ახალი ნორმები და მიდგომები კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გააცნო.

მომხსენებლის, საკითხის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, დოკუმენტი პარლამენტის 14-მა კომიტეტმა უკვე განიხილა და დეპუტატების უმრავლესობა მის პრინციპებს კარგად იცნობს, დღეს კი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით კანონპროექტის საბოლოო განხილვა მოხდება.

თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის პროექტის პრეზენტაციამდე, კანონპროექტის მომზადებაში მონაწილე დეპუტატებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და საკითხის ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკითხის წარდგენისას ძირითადი ყურადღება მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე გაამახვილა და ცალკე გამოყო ის სიახლეები და სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მოქმედ რედაქციაში არ იკითხება.

მისი ინფორმაციით, რეგლამენტის ახალ პროექტზე მუშაობისას, დოკუმენტის ავტორებმა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით იხელმძღვანელეს და შესაბამისად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი კონსტიტუციურ ნორმებთან სრულ ჰარმონიზაციაშია. პროექტის პრეზენტაციისას, თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის პროექტი თავების მიხედვით წარმოადგინა და თითოეულ სიახლეზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა ერთ-ერთი ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას შეეხება, რომელიც უშუალოდ ირაკლი კობახიძის ინიციატივით მომზადდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კი მნიშვნელოვნად ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობლივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

პარლამენტის რეგლამენტში საპარლამენტო ზედამხედველობის, კონტროლისა და ანგარიშვალდებულების თავის პრეზენტაციისას, თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება „მინისტრის საათის“ ახალ ფორმულირებაზე და ინტერპელაციის შემოღებაზე გაამახვილა.

მან ასევე ცალკე გამოყო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლის მიმართულება და ნდობის ჯგუფის ახალ უფლებამოსილებაზე და მის გაზრდილ ფუნქციებზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომა რეგლამენტის პროექტზე მოსაზრებების და შეფასებების გამოთქმით გაგრძელდა. დოკუმენტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებმა, სახალხო დამცველის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ისაუბრეს.

საკითხის განხილვისას გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები გამოითქვა, რომლის თაობაზეც შეხვედრები და კონსულტაციები კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე შედგება. 

სხდომის დასასრულს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრებმა, პირველი მოსმენით პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.