პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 22:50
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა კანონპროექტების განხილვით დაიწყო.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, კახა კუჭავას და ნინო წილოსანის ინიციატივა - კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, - რომელიც კახა კუჭავამ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. იგი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული სხვა ცვლილებების ასახვას ითვალისწინებს, კანონმდებლებმა პირველი მოსმენით, ძირითადი პრინციპების დონეზე განიხილეს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ცვლილებები შედის „საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და ეს უკავშირდება ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის მიმართ გარკვეული რეგულაციების ცვლილებას. ამ ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს რეგულაციების გამკაცრებაში.

კანონპროექტებმა უნდა დაარეგულიროს ოჯახურ დანაშაულთან, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასთან, ოჯახში ძალადობასთან და წამების მუქარასთან დაკავშირებულ საკითხები.

იგი აგრეთვე აწესრიგებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობასთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარს უჭერს, ვინაიდან ეს არის დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს მექანიზმი, რომლითაც უნდა დავძლიოთ მთლიანობაში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემა.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ - „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან ერთად.

პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის ეს ინიციატივა კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესს უკავშირდება. წარმოდგენილი პროექტით, მოქმედი კანონების საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება.

პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა კენჭი უყარეს 19-20 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე განხილულ საკითხებს.

პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, კანონმდებლებმა სხდომა განახლებული დღის წესრიგით გააგრძელეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განსახილველად წარადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“.

„ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია გაიმართება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ერთობლივი ინიციატივის მიზანი სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია სამ ქვეყანას შორის სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც არის დაკავშირებული დასავლურ ინტეგრაციასთან, და ჩვენ გვაქვს ასევე საერთო გამოწვევები, რომლებიც არის დაკავშირებული ტერიტორიების ოკუპაციასთან და რუსეთთან კონფლიქტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. აქ არის შემოთავაზებული პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის შეძენა, ანუ იქნება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა სამი ქვეყნის პარლამენტების მონაწილეობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი დელეგაცია, 10 წევრის შემადგენლობით.

„განსაზღვრულია პარლამენტის დადგენილების პროექტით ამ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც 10 წევრისგან შედგება. დელეგაციის ხელმძღვანელია ირაკლი კობახიძე, შემოთავაზებულია სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, კახაბერ კუჭავა, დავით მათიკაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, სერგი კაპანაძე - ევროპული საქართველო, სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ლომია - „საქართველოს პატრიოტები“.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უახლოეს მომავალში, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, იგი თბილისში გაიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავა განაცხადა, ეს საკითხი კომიტეტმა განიხილა და მას სურს კიდევ ერთხელ გამოხატოს მხარდაჭერა.

„კიდევ ერთხელ მსურს მხარდაჭერა გამოვხატო ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ბატონმა თავმჯდომარემ აღნიშნა, მართლაც დროული ინიციატივაა. იმ საერთო ამოცანებისა და გამოწვევებისთვის, რომლებიც ამ სამ ქვეყანას აქვს, კარგი იქნება, უფრო მეტად კოორდინირებულად ვთანამშრომლობდეთ და ეს ასამბლეაც ზუსტად ამას ემსახურება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა წარმოადგენს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ხარვეზის გასწორებას ემსახურება. კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, წინა განხილვისას შენიშვნები არავის ჰქონდა, შენიშვნები არც ამ სხდომაზე გამოთქმულა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, პარლამენტის წევრმა ივლიანე წულაია I მოსმენით განსახილველად წარუდგინა პარლამენტს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას ინიციატივას წარმოადგენს, ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით აგრეთვე წესრიგდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტმა მოისმინა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის მოკლე ანგარიში, დასკვნა და კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები, რომელიც პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ წარადგინა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, უამრავი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ სრულფასოვნად არ განხორციელდა გამოძიება, რასაც ადასტურებს პარლამენტის დროებითი საგამოზიებო კომისიის მიერ ახლად გამოვლენილი გარემოებები. საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ გამოძიების პროცესში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, საგამოძიები კომისიის დასკვნის თანახმად, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი ფიგურანტის - მ.კ-ს მიმართ, რადგან კომისიის შეფასებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ, რომ მ.კ. სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა. სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიამ გამოავლინა ათი პიროვნება - შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები, რომელთა პასუხისმგებლობაც იკვეთება აღნიშნულ საქმეში და გასცა რეკომენდაცია მათზე გამოძიების დაწყების შესახებ. კომისია აყენებს ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხსაც. 

სერგი კაპანაძემ უსაფრთხოების კუთხით სკოლებში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, განათლების სამინისტროსაგან შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია ასევე აყენებს შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. მან მოუწოდა მთავრობას, მათ შორის შსს-ს, პროკურატურას, ყველაფერი გააკეთონ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად და საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ და დავით მათიკაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს არაერთხელ მიმართეს კითხვით - დაადგინა თუ არა კომისიამ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გარდაცვლილ დავით სალარიძეს, თუმცა დეპუტატებმა სერგი კაპანაძის მხრიდან მათ კითხვებზე კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინეს.

სხდომათა დარბაზში გამართულ დისკუსიას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. „აქ არის ერთ მარტივ რამეზე საუბარი. ერთი და იგივე კითხვა რეალურად იმიტომ ისმევა, რომ არც ერთ კითხვაზე არ იყო პასუხი გაცემული. საზოგადოებას აინტერესებდა ერთი მთავარი რამ ეს არის ის - თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ზაზა სარალიძის შვილს, დავით სარალიძეს. ეს იყო მთავარი კითხვა და ეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ამ კითხვაზე კომისიამ გასცა თუ ვერ გასცა პასუხი. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შეგეძლოთ და არ გაეცით. ობიექტური მიზეზები არსებობდა თუ არა რომლის გამოც თქვენ ვერ გაეცით ამ კითხვას პასუხი. ამიტომ სათითაოდ გეკითხებიან და კითხვას არ პასუხობთ.

რამდენჯერმე დაისვა კითხვა - თქვენ ეჭვის დონეზე დაადგინეთ თუ არა ის თუ ვინ იყო ჭრილობის მიმყენებელი? ეს კითხვა დაისვა ათჯერ და ათჯერვე ბატონმა სერგიმ თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც მიანიშნებს - მთავარი პრეტენზია რა იყო სამართალდამცავების მიმართ? რომ არ დადგინდა ჭრილობის მიმყენებელი. მთავარი გზავნილი იყო რომ არის ორი მოკლული ბავშვი და არის ერთი მკვლელი დადგენილი. იგივე მოცემულობა დაგრჩათ თქვენ სამთვიანი მოღვაწეობის შემდეგ. ეს არის მთავარი და ამაზე ცდილობენ კითხვის დასმას, რაზეც ვერ იღებენ პასუხს. პასუხს რომ ვერ იღებენ სწორედ ამას ამყარებს რომ რეალურად სამი თვის თავზე მიხვედით სწორედ იმ შედეგამდე რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეს ჩვენი მთავარი პროკურორი. ამ კითხვაზე პასუხს რომ არ სცემთ სწორედ ამაზე მიუთითებს რეალურად, ისევე დაასრულეთ თქვენ სამთვიანი მოღვაწეობა კომისიაში, როგორც დაასრულა ეს გამოძიებამ. თუ თქვენ გქონდათ ობიექტური მიზეზი შესაძლოა გამოძიებასაც ჰქონდა ობიექტური მიზეზი. შესაბამისად, გამოდის, რომ პრეტენზიას, რომელსაც უყენებდით საგამოძიებო ორგანოებს, არ ჰქონდა საფუძველი“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ კომისიამ დაადგინა ორი მნიშვნელოვანი რამ: „არის კონკრეტული ფიგურანტი, რომელზეც არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებები და რომელსაც თავის დროზე ხელი დააფარეს. მისი როლი იკვეთება ამ კონკრეტულ საქმეში და ეს მისი როლი არის დათო სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდება. და მეორე, რომ იქნა დადგენილი კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მთელი რიგი დარღვევები სწორედ იმ მიზნით ჩაიდინეს, რომ დადგენილი არ ყოფილიყო, თუ ვინ იყო ამ მკვლელობის მონაწილე“.

ამით, პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულდა. მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 21 სექტემბერს,12 საათზე გაიმართება და მუშაობას ამავე საკითხის განხილვით გააგრძელებს.