ზაზა გაბუნია: „მიხარია რომ დღევანდელ დღეს, მომლოცველებსა და ვიზიტორებს უფრო გამშვენებული გელათის ტაძარი დახვდათ“
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 10:23
ზაზა გაბუნია: „მიხარია რომ დღევანდელ დღეს,  მომლოცველებსა და ვიზიტორებს უფრო გამშვენებული გელათის ტაძარი დახვდათ“

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც მონიტორინგს იუნესკო უწევს.

დეპუტატი დაინტერესდა პროცესის მიმდინარეობით. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, ტაძრის აღდგენისას, სრულად იქნა გათვალისწინებული როგორც მისი არქიტექტურა, სამშენებლო მასალა და ტექნიკა, ასევე ლანდშაფტთან შესაბამისობა. ყველაფერი გაკეთდა სიძველის კონსერვაციისა და ახალი დეტალების ავთენტურობის დაცვისთვის. სამუშაოები სრულად მომავალ წელს დასრულდება.

„მიხარია და ვარ ძალიან ამაყი, რომ გელათის ტაძარი დღევანდელ დღესასწაულზე მოსულ მომლოცველებსა და ვიზიტორებს დახვდებათ უფრო გამშვენებული. გაწეულ შრომას ეტყობა მაღალი პროფესიონალიზმი და ხარისხი. მინდა მადლობა ვუთხრა მსოფლიო ბანკს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ტიტანური შრომა გასწია გელათის ტაძრის სამუშაოებისთვის“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ტეგები