მალხაზ კობაური შესაძლოა სმიტების მკვლელობის ადგილზე დაკითხონ
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 13:54
მალხაზ კობაური შესაძლოა სმიტების მკვლელობის ადგილზე დაკითხონ

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანონ და იქ გამოკითხონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცლებს.

როგორც კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე გამოიკითხოს.

მისივე ინფორმაციით, საქმის გამომძიებელთან ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა დაცვის მხარე წერილობით თანხმობას ელოდება.

„ვითხოვთ, რომ კობაური გავიყვანოთ შემთხვევის ადგილზე, სადაც გამოვკითხავთ რა და როგორ მოხდა“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, კობაურის ხადას ხეობაში ჩაყვანა სავარაუდოდ, 24 სექტემბერს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

ტეგები