საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატების გამოფენა მოეწყო
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 14:15
საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატების გამოფენა მოეწყო

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატები - ისტორიული, კულტურული და სამეცნიერო ხასიათის წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების პირველი გამოცემები, რუკები, ქართველ მხატვართა რამდენიმე ნახატი და უცნობი კარიკატურისტების ნამუშევრები გამოიფინა. უნიკალური ექსპონატების გამოფენა პარლამენტის წევრებმა, საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფმა ვიზიტორებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

„დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ეროვნულ ბიბლიოთეკას იმ საზოგადოების სახელით, რომელსაც დღეს პარლამენტში წარმოვადგენთ. წარმოდგენილი გამოფენა, მნიშვნელოვან წილად, გვაჩვენებს თუ რას წარმოადგენს ჩვენი ეროვნული და ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც სამწუხაროდ, ესოდენ აუგად მოვიხსენიებთ ხშირად და ვფანტავთ კიდევაც. ფილიპე მახარაძიდან დაწყებული დამთავრებული გრიგოლ რობაქიძის ოჯახების კოლექციიდან, უნიკალური დოკუმენტები არის წარმოდგენილი. აქ შეგვიძლია გავეცნოთ ისეთ ხელნაწერებს და ფოტომასალას, რომლებიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ ყველა სათანადოდ შეაფასებს იმ საჩუქარს, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარმოგვიდგინა და მადლობას ვეტყვით ამ დაუღალავ ადამიანებს, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გამოფენის გახსნისას.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების მნიშვნელობა პარლამენტის წევრმა, თეიმურაზ ჭკუასელმა შეაფასა.

„ძალიან საინტერესო ექსპონატებია წარმოდგენილი. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის მოზაიკის გარკვეული კენჭები, რომელთა გარეშეც ჩვენ მთლიანობაში ვერ დავინახავთ იმ პერიოდს. გამოფენილ ექსპონატებს შორის ჩემი ყურადღება იმ ორიგინალმა ფოტოებმა მიიქცია, სადაც ასახულია ქართველი ლეგიონერების რუმინეთში ყოფნა და ილია ჭავჭავაძის ისპანახობის დღესასწაულზე დასწრება და მხოლოდ ეს ორი ფოტო რომ იყოს აქ გამოფენილი, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - აღნიშნა თეიმურაზ ჭკუასელმა.

გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზატორი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე მიესალმა.

„დაახლოებით ორი წელია შევიმუშავეთ პოლიტიკა და სტრატეგია და ჩვენი თანხების დიდი ნაწილი, რომელიც წიგნადი ფონდის შესაძენად იყო გათვალისწინებული, მივმართეთ ასეთ შენაძენებზე და შესაბამისად, სრულიად უნიკალური კოლექცია დაგვიგროვდა. ჩვენ ვამზადებთ მუდმივმოქმედ გამოფენას, რომესაც თბილისში გამოვფენთ და საზოგადოება ბევრ უნიკალურ მასალას იხილავს“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გამოფენის გამართვას შეეხებოდა.

ტეგები