თბილისის ანძაზე მოძრავი რესტორანი განთავსდება
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 20:38
თბილისის ანძაზე მოძრავი რესტორანი განთავსდება

თბილისის სავიზიტო ბარათი უახლოესს მომავალში ახალ ფუნქციებს შეიძენს. ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ყველაზე დიდი ინტერესი სატელევიზო კოშკზე მოძრავი რესტორნის მშენებლობას მოჰყვა. ესტონური კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მბრუნავი რესტორნის მოძრაობის სავარაუდო სიგრძე 106მ, სავარაუდო მოძრაობის სიჩქარე კი 30 მმ/წმ (ერთი მთლიანი ბრუნი ერთ საათში).

ზღვის დონიდან 719 მეტრის სიმაღლის მთაზე მდგარ კონსტრუქციაზე საგამოფენო სივრცეც განთავსდება.

სატელევიზიო კოშკს ახალი ევაკუაციის გეგმა ექნება, რომელიც ესტონეთის სამაშველო ცენტრის ტექნიკური საინჟინრო ბიუროს უფროსი მეხანძრე მარშალის - ვასილ ჰარშტუკის მიერ შეიქმნა. შემუშავებული დოკუმენტის მიხდვით ირკვევა, რომ ევაკუაციის კიბე, 1200მმ უნდა იყოს,  1 ასეთი კიბე საკმარისია 500 ადამიანის ევაკუაციისთვის. რაც შეეხება ლიფტს, ლიფტის ზომა სულ მცირე 2,1x1,1 მ უნდა იყოს. აუცილებელია ორივე ლიფტი ხანძარსაწინააღმდეგო ტიპის იყოს, რათა უზრუნველყოს ევაკუაციის პირობები.  ლიფტის დაახლოებითი ფასი 190 000 ევროა, ინსტალაციის ფასი  50.000-60.000 ევრო ხოლო, დაახლოებით ტრანსპორტირების ფასი  5.000 ევრო.

„საქართველოს ტელერადიოცენტრმა" ტენდერი 9 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარი იყო.