მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას სთხოვს, პროტესტის ნიშნად "პანკისობაში" მონაწილეობა არ მიიღონ
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 21:47
მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას სთხოვს, პროტესტის ნიშნად "პანკისობაში" მონაწილეობა არ მიიღონ

22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „პანკისობა 2018“, რომელიც გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავს, შესაძლოა, ჩაიშალოს. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ღონისძიება არ ჩატარდეს.

„მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი. ჩემს შვილს ტერორიზმთან კავშირი თუ ჰქონდა და დამნაშავე იყო, უტყუარი მტკიცებულებები დადონ. ხელისუფლებას ადამიანების მოკვლის უფლება არ აქვს. ვიდრე თემირლანის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება და დამნაშავეებს არ დასჯიან, კანონის ფარგლებში არ მივცემთ შესაძლებლობას აქ გასართობი ღონისძიებები ჩაატარონ“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პროტესტის ნიშნად ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღონ.

„ხელისუფლების მიზანია ღონისძიებაზე ადგილობრივები შემოიკრიბოს იმის საჩვენებლად, რომ თემირლანის მკვლელობის საქმე დავიწყებას მიეცა, რომ აქ მოსახლეობას არ აქვს პროტესტი ტერაქტის მიმართ. მე ვთხოვ ჩემ ხალხს, არ მივიდნენ ღონისძიებაზე. ჩვენ დილიდანვე შევიკრიბებით პანკისში და კანონიერი ფორმებით პროტესტს გამოვხატავთ. მე მითხრეს, საგანგებოდ გააფრთხილეს სკოლების და საბავშვო ბაღების თანამშრომლები, პანკისობაზე დასასაწრებად მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ“, - განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.