ახალგაზრდობას ამ ტიპის ეკლესიისგან, მათი ოჯახებისგან და განათლების სისტემისგან დაცვა სჭირდება - ზურაბ ჯაფარიძე
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 00:27
ახალგაზრდობას ამ ტიპის ეკლესიისგან, მათი ოჯახებისგან და განათლების სისტემისგან დაცვა სჭირდება - ზურაბ ჯაფარიძე

ახალგაზრდობაზე ზრუნვა იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ახალგაზრდობას ამ ტიპის ეკლესიისგან, მათი ოჯახებისგან და განათლების სისტემისგან დაცვა სჭირდება, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
 
„ეს სამი ინსტიტუტი ახალგაზრდობას აზროვნების უნარს უკარგავს და მათ ზომბებად ზრდის. ჩემი აზრით, მარიხუანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია იმით არ არის გამოწვეული, რომ ისინი ახალგაზრდობაზე გულწრფელად ზრუნავენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
 
მისი თქმით, „ციანიდის საქმის“ შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეირყა და მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხში ეკლესიამ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების რეაბილიტაციის შანსი დაინახა.
 
"ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება, თუ მათ სენტიმენტებზე დაჯდებიან, ძალიან ბევრი ადამიანი აიყოლიონ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ ეკლესია ხალხზე ზრუნავს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
 
„გირჩის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიას საკონსტიტუციო ჩანაწერით საკმარისზე მეტი პოლიტიკური ძალაუფლება აქვს მინიჭებული და კონკორდატით – მათ შორის, საგადასახადო და სხვადასხვა სახის პრივილეგიები, საბიუჯეტო დაფინანსება, გადაცემული ქონება, ა.შ. და მისი პოლიტიკური ძალაუფლების გამყარება არავის ინტერესში არ უნდა იყოს.
 
„პირიქით, რა პრივილეგიებიც აქვს, ისიც ჩასახსნელი და ჩამოსართმევია და იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომ მათი პოლიტიკური ძალაუფლება კიდევ უფრო გამყარდეს, არამედ იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ამ პოლიტიკური ძალაუფლების წყაროებიც შეიკვეცოს. ეს არის ერთდერთი სწორი პოზიცია, რომელიც შესაძლოა, სეკულარულ სახელმწიფოში არსებობდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.