საგამოძიებო სამსახურმა 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 15:26
საგამოძიებო სამსახურმა 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას  საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით. 

გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე  სისხლის სამართლებრივი დევნა 19 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეები, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციაში ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ სახელმწიფო თანხებს. 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი 350 000 ლარს აღემატება. 

უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში, მეწარმე სუბიექტების მიერ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული ზიანი  100 000 ლარის ოდენობით.