ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საფეხბურთო მოედნის გახსნას დაესწრო
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 16:12
ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საფეხბურთო მოედნის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში, უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საფეხბურთო მოედნის გახსნას დაესწრო. 

საფეხბურთო მოედანი სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები,  პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და კოლეგა სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განახლებული ინფრასტრუქტურით  პირად მცველთა საერთაშორისო ჩემპიონატს ,,პირადი მცველი 2018“ მასპინძლობს.

პირად მცველთა  ჩემპიონატი 1999 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს ასპარეზობის მასპინძელი  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია. მასში 10 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო დაცვის სამსახურების 16 გუნდი მონაწილეობს.

პირად მცველთა ჩემპიონატი სამსახურის სასწავლო ცენტრში 22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.