სალომე ზურაბიშვილზე ვიხუმრე - მეუფე იაკობი
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 21:18
სალომე ზურაბიშვილზე ვიხუმრე - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი „ქრონიკასთან“ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს და პატრიარქის მიმართვაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
 
ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ პატრიარქის მოწოდება მას არ ეხებოდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, მან ამაზე მხოლოდ იხუმრა.
 
„მკაცრი განცხადებები არ გამიკეთებია. ხუმრობით ვთქვი. ორჯერ ვიხუმრე. თან ვიღიმებოდი. მკითხეს, როგორ ფიქრობ, პრეზიდენტი გახდებაო?- და მე ვთქვი რაღაც სიტყვები, რომლის გამეორებაც არ მინდა, რადგან ამასაც სხვანაირად გამოიყენებენ. ქალბატონ სალომეს ამაზე უხეში რეაქცია არ ჰქონია, მანაც ხუმრობაში გადაიტანა ყველაფერი.
 
ჩემმა უწმინდესმა რადგან ბრძანა რომ გავჩერდეთ და არაფერში ჩავერიოთ, მე ვჩერდები და ვუჯერებ უწმინდესს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.
 
რამდენიმე დღის წინ, მეუფეებმა პეტრემ და იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით არაკორექტული განცხადებები გააკეთეს.
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კანაფის პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არაა, საჭიროა საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ის გაუძღვება, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა არ მოიწონა და პრეზიდენტობის კანდიდატს „კანაფის დედოფალი“ უწოდა.
 
19 სექტემბერს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა.
 
პატრიარქმა სასულიერო პირებს მიმართა, პოლიტიკური შინაარსის და არაკორექტული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
 
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან,  საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ  პოლიტიკურ პირს.
 
მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.