"სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 14:47
"სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც მისი ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. ასევე, საქმეში მტკიცებულება არაა, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად შედიოდა შეტყობინებები, წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციაზე და ამ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში აფთიაქების მფლობელები ურეცეპტოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

გამოძიების ცნობით, გია თვალავაძემ „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ამ აფთიაქების საქმიანობას შეეხებოდა, რეაგირება არ მოახდინა.  

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალვაძის ადვოკატს ლალი აფციაურს გამოძიების საქმის მასალები გადასცეს. როგორც ადვოკატმა თქვა, "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეში თვალავაძის წინააღმდეგ დაახლოებით 150 აუდიოჩანაწერია, თუმცა აფციაური დარწმუნებულია, რომ ამ აუდიოჩანაწერებიდან "არცერთი არ გამოდგება."

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.