მიხეილ ბატიაშვილმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნა
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 10:23
მიხეილ ბატიაშვილმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან და მოწვეულ
სტუმრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა საზოგადოებას 2 ოქტომბრიდან ექნება.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი თბილისში კულტურის ახალი კერა გახდება, რომელიც ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა შორის მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.

მუზეუმში, რომლის დამფუძნებლებიც გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე არიან, მათი ოჯახის სურათების კერძო კოლექცია გამოიფინა,
რომელიც 1945 წლიდან დღემდე, 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს მოიცავს.

მუზეუმში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პირობებია როგორც მდგრადობის თვალსაზრისით, ისე ტემპერატურული რეჟიმის და განათების მხრივ. მუზეუმის საგამოფენო სივრცე 7000 კვ.მ. მოიცავს, საცავი - 6000 კვ.მ. სურათს იტევს. მუზეუმს აქვს 120 კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვ.მ. დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის.

მუზეუმის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შექმნილია არტჰაუსის კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზს და ბუტიკებს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი 155 მანქანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმი პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ თანამედროვე სახვით ხელოვნებას. მეტ მოტივაციას შეუქმნის მხატვრებს, კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს ხელოვნებათმცოდნეებს, ახალგაზრდობისთვის კი განათლების კერა გახდება. მუზეუმში არსებულ კოლექციას ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა დროებითი გამოფენებიც მოეწყობა. მუზეუმი მნიშვნელოვანია როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი
დამთვალიერებლისთვის ქართული კულტურის გასაცნობად და დასაფასებლად.

ტეგები