„ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე დაკითხვას სასამართლოში ითხოვს
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 15:32
„ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე დაკითხვას სასამართლოში ითხოვს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ომეგა 2“-ის დირექტორი, გიორგი ქურდაძე დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც გამომძიებლებს განუცხადა, რომ ჩვენების მიცემას გამოძიებისთვის მხოლოდ სასამართლოს გზით აპირებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ არ ენდობა გამოძიებას, გიორგი ქურდაძე ამბობს, რომ იყენებს მის კანონიერ უფლებას. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ მიზნით მიიღო, რომ უფრო მაღალი სტანდარტით მოხდეს დაკითხვა.

„მსურდა, დაკითხული ვყოფილიყავი სასამართლოში, ეს ჩემი კანონიერი უფლებაა. ყველაფერს ვიტყვი, თუ რამე ინფორმაცია გამაჩნია და არ დავმალავ, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ძალიან მალე მოხდება ჩემი დაკითხვა სასამართლოში. გამომძიებლებმა გამაცნეს პროცედურები. ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და დაეხმარება გამოძიებას. იმედი მაქვს, ყველაფერი სამართლიანად წარიმართება და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე დაიმკვიდრებს“, – განაცხადა ქურდაძემ.

„ომეგა 2“-ის დირექტორმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დავალიანებასთან დაკავშირებით რესტრუქტურიზაცია მოხდეს, რადგან უკვე სამი თვეა, თამბაქოს ფაბრიკა გაჩერებულია.

„დღესდღეობით ფაბრიკა გაჩერებულია, უკვე მესამე თვეა არ მუშაობს. გვქონდა შეხვედრები პრემიერთან. ჩვენი თხოვნაა, ამუშავდეს ეს საწარმო. საგამოძიებო პროცესი გაგრძელდება და ერთ თვეში სავარაუდოდ, არ მორჩება. ხალხი უმუშევარი დარჩა. ბატონ მამუკას ძალიან პატივს ვცემ, მახსოვს, რომ მოვიდა პრემიერ-მინისტრად და ფინანსთა მინისტრად, შეხვედრა გვქონდა ჩვენ ინდუსტრიის მონაწილე კომპანიებს. თქვა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, ბაზარზე სამართლიანი პირობები ყოფილიყო და გვემუშავა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო, თანახმა ვართ კანონის ფარგლებში რესტრუქტურიზაცია გაგვიფორმონ. ჩვენ მივაწოდეთ განცხადება 25 აპრილს და ეხლა სასამართლოში გვაქვს შეტანილი. მამუკა ბახტაძე როდესაც მოვიდა, თქვა, რომ თითოეული სამუშაო ადგილი არის პრიორიტეტული და არ დაუშვებდა, რომ დაიკარგოს და მინდა ვთხოვო, განახორციელოს მისი ქმედება“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოწმე გიორგი ქურდაძეს ნამდვილად გააჩნია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებს. კითხვაზე, იკვეთება თუ არა რომელიმე მაღალჩინოსნის ბრალეულობა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ბატონმა გიორგიმ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება, რომ სასამართლოში ისარგებლოს გამოკითხვის უფლებით. მას სურს, გამოკითხვის პროცესი უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდეს. რაც შეეხება ინფორმაციას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გავლილი მაქვს კონსულტაცია. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში , ნამდვილად უნდა გამოიკვეთოს ის უკანონობები, რომელიც „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ამის თაობაზე ნამდვილად ხარისხიან მოწმეს წარმოადგენს გიორგი ქურდაძე“, – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს დაგეგმილია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ორი კომპანიის დირექტორის გამოკითხვა. ხვალ კი, თბილისის პროკურატურაში დაბარებულია ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ. ასევე გამოიკითხება ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ტეგები