საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე - პრემიერი
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 00:11
საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე - პრემიერი

ოკუპაციამ და კანონიერების უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას; სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, სულ მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გადაიზარდოს უკონტროლო პროცესში, შესაბამისი მძიმე შედეგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

“საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ”, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

“ხოლო ჩვენ, ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას - მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას”, - აღნიშნა პრემიერმა.

ტეგები