აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 11:12
აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტით, საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდება.

კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება გარდა სპონსორისა.

“აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა”, - ნათქვამია კანონპროექტში.

აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში (გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა), ასევე, მათგან 200 მეტრის რადიუსში. აგრეთვე, აიკრძალება აზარტული თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვ.მ. ფართობს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განმარტებით, მომზადების მიზეზი აზარტული თამაშებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი და ამით გამოწვეული რისკების შემცირება იქნება.

წესის დარღვევისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ პარლამენტში ორშაბათს დარეგისტრირდება.

​"ამოცანა, რომელიც ამ ეტაპზე დგას, არის რიცხოვნობის შემცირება დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია სხვადასხვა სივრცეებში რეგისტრირებული"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ინიციატივას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია.

"სერიოზულ ფინანსურ მოგებას მოუტანს ეს აქ მოქმედ კომპანიებს და პირდაპირ აძლევს ამას ხელს, არანაირი კავშირი ამას მომხმარებელთა დაცვასთან ან თამაშის შემცირებასთან არ აქვს"-ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები