„ეთნოფესტი 2018“ - ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთშორისო სამიტი გაიხსნა
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 16:25
„ეთნოფესტი 2018“ - ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთშორისო სამიტი გაიხსნა

დედაქალაქში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის მეორე საერთაშორისო სამიტი - „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნა.

150-ზე მეტი ოსტატი, დიზაინერი, მწარმოებელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სამი დღის განმავლობაში - 28, 29, 30 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონში წარადგენენ თავიანთ პროდუქციას. ამის პარალელურად, დიზაინერები და მარკეტოლოგები აშშ-დან, პოლონეთიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებს, ვორქშოფებსა და სემინარებს ადგილობრივი პროდუქციის დახვეწის, ოსტატების პროფესიული და მარკეტინგული უნარების განვითარების, მათთვის მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისა და დარგის თანამედროვე ტენდენციების გასაცნობად. გარდა ამისა, შეირჩევა და ოსტატებთან თანამშრომლობით დამუშავდება პროდუქცია აშშ-ის წამყვან ჩვენებებზე წარსადგენად და ბაზარზე შესაბამისი ნიშის დასაკავებლად.

„ეთნოფესტი 2018“-ის ფარგლებში გაიმართება დამატებითი საგანმანათლებლო გამოფენები - „ტრადიციული რეწვის ისტორიული ნიმუშები და თანამედროვე დიზაინი“, „ქსოვილი საქართველოდან“ და „ეთნიკური ევოლუცია“. 30 სექტემბერ,ს „ეთნოფესტი 2018“-ის საზეიმო დახურვაზე გამოვლინდება კონკურსის - „საუკეთესო სტენდი“ გამარჯვებული.

„ეთნოფესტი“ ხელნაკეთი ნივთებისა და დიზაინის ყველაზე მასშტაბური გამოფენაა რეგიონში. ის ახალი პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ტრადიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის გამრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანობის ზრდის, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პლატფორმა საშუალებას აძლევს ადგილობრივ ოსტატებსა და მწარმოებლებს, წარდგნენ დარგის ექსპერტების, მყიდველების, ტურისტებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. აღნიშნული სამიტი საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელნაკეთი ნივთების უძველეს ტრადიციებს, პოტენციალსა და პერსპექტივებს.

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

„ეთნოფესტი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრო, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.გორის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. 

ტეგები