იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება - თბილისის მერია
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 19:35
იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება - თბილისის მერია

დღეს, იუსტიციის სახლში არსებულ ვითარებასა და მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, რამაც თითქოს გამოიწვია იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხება.


განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.


როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს იუსტიციის სახლში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.


რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, იგი 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე თბილისის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ არაერთხელ გაავრცელა, ტელეეთერებში გადიოდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დროული რეგისტრაციისკენ თბილისის მერმა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა.


აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე, ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კომენტარები
0

ტეგები