ისნის რაიონის გამგეობამ კამპანია „გაუფრთხილდი შენს უბანს“ დაიწყო
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2018 15:07
ისნის რაიონის გამგეობამ კამპანია „გაუფრთხილდი შენს უბანს“ დაიწყო

ისნის რაიონის გამგეობამ კამპანიის „გაუფრთხილდი შენს უბანს“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია ჩაატარა.

„თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტალის N3, 5 და 7 კორპუსებისა და N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ 600 მ2-მდე ტერიტორია დასუფთავდა.

აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, ვაზისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ირაკლი აბუსერიძემ და ლევან დავითაშვილმა, ასევე, ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო სკოლის მოწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია, რომლითაც ისნის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. დღეს, ახალგაზრდებთან ერთად, საკმაოდ დიდი ტერიტორია დავასუფთავეთ. სამომავლოდ, ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას გავმართავთ, რადგან გვსურს, მოსახლეობაში, ქალაქზე, საცხოვრებელ უბნებზე ზრუნვის სურვილი გავზარდოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის მიზანია, რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარება.

კამპანია პერმანენტული ხასიათისაა, რომლის ფარგლებშიც, ისნის რაიონის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ღონისძიებები გაიმართება. წლის ბოლოს, კი საუკეთესო ამხანაგობას და მზრუნველ ადამიანებს გამგეობა დააჯილდოვებს.
 

ტეგები