უპასუხისმგებლობაა იმის მტკიცება, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის - პრემიერი
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 13:02
უპასუხისმგებლობაა იმის მტკიცება, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის - პრემიერი

აღნიშნული განცხადება შევა იმ ანეკდოტების სიაში, რომლებსაც არაერთხელ შევხვედრივართ - ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ყაზახეთში ვერტმფრენით გაფრინდა და ა.შ, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ იმ ტიპის განცხადებები, რომლებიც ოქუაშვილმა გააკეთა, ღიმილისმომგვრელია.

რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებს და მასში ლევან ყიფიანის მონაწილეობას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს გამოძიება.

„თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს ინფორმაცია დამატებით, შეუძლია, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს. მე არაერთხელ განვაცხადე - საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები, არის კანონის უზენაესობა, არსებობს გამოძიება, სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს ნათლად შეაფასებს. ვფიქრობ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს გამოძიებას ჩვენება და ინფორმაცია, რომელსაც ფლობს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, როდესაც ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, თუ ბატონ ოქუაშვილს, რაიმე ფაქტები აქვს, შეკრას ერთ პაკეტად და თავისი ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. ასეა, როდესაც ხდება ცივილურად საუბარი და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ამას აქვს რაღაც პროცესის შექმნის იმიტაცია, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა და დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები საზოგადოების დიდ ნაწილსაც უჩნდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პრინციპული და მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდის საკითხისა და ტელეკომპანიის ფუნქციონირების თემების გამიჯვნა.

„ჩვენ უნდა გავყოთ, რაც პრინციპულია და რისი გაყოფაც, როგორც ჩანს, არ სურს ბატონ ოქუაშვილს. ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი უპასუხისმგებლობაა ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და მეტიც, უპასუხისმგებლობის ზენიტი ჩემი გადასახედიდან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ მისცა სახელმწიფომ „ომეგას“ დავალიანების დაგროვების შესაძლებლობა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ დამსაქმებელი ხელისუფლებისთვის მთავარი ფასეულობაა.

„ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ სურს საქმიანობის გაგრძელება დაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდით. ჩემი ფინანსთა მინისტრობისას ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დავალიანება და ის კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა იმ ნაბიჯების გადავადება, რაც ამ პერიოდში დგება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორ დააგროვა მან ეს დავალიანება, აქ შეიძლება არსებობდეს ობიექტური კითხვის ნიშნები, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მაგრამ, თუნდაც ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი მეგობრულია განწყობა ზოგადად ბიზნესის მიმართ და რამდენად მაღალია მხარდაჭერა, ყველა გადასახადის გადამხდელისადმი, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 

ტეგები