თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2018 17:30
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა

თავდაცვისა და უშოშორების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც კომიტეტს განსახილველად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა.

მომხსენებელმა, ანზორ ჩუბინიძემ წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამოწვეულია კანონში არსებული კოლიზიით. კერძოდ, მუხლებს შორის ერთმანეთთან და რიგ შემთხვევაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობით.

მისი განმარტებით, საჭიროა სამსახურის ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური განაწილება, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტად მოწესრიგება, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება, უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა და სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა.

კანონპროექტით სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებად შესაბამის კანონებთან ერთად სახელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ასევე, კანონის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ანდა დანაშაულის ჩადენის შედეგი.

კანონპროექტით დასაცავ ობიექტთა შორის სახელმწიფო ობიექტებთან ერთად სახელდება სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ამ და სხვა ცვლილებებზე იმსჯელეს დეპუტატებმა. დაისვა კითხვები, რომელთაც მომხსენებელმა, ანზორ ჩუბინიძემ უპასუხა. მანვე გააცნო დეპუტატებს კანონპროპექტიდან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტების პაკეტი.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა წარმოდგენილ ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ კანონპროექტის იმ ნაწილზე სადაც საუბარია პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე დაცვის დანიშვნის დეტალებზე. რაზეც ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის სახელმწიფო თანამდებობის პირის უსაფრთხოების დაცვაზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დაცვა დაენიშნებათ რისკების შეფასების საფუძველზე.

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ტეგები