დედაქალაქში ტაქსის უფასო სადგომებად უკვე 60-ზე მეტი ლოკაციაა შერჩეული
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2018 13:27
დედაქალაქში ტაქსის უფასო სადგომებად უკვე 60-ზე მეტი ლოკაციაა შერჩეული

დედაქალაქის მასშტაბით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე სადგომით, რომლითაც ტაქსის მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე სხვა ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება.  

„დღეის მდგომარეობით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსის მძღოლები აღნიშნული ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა დამატებითი ადგილების გამოსაყოფად მუშაობას განაგრძობს.

„მგონია, რომ  ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა. საზოგადოების მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. პარალელურად, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ მეტროს ვაგონები და მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს სრულად განახლებული ავტობუსების პარკი ეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი უნდა გავხადოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში ყველაზე მოხერხებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.