უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2018 13:35
უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უზნაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს, - ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.
 
„მთავრობის წინა სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრე, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არის კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა,  სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, სამუშაოები მიატოვა და დღეს ქუჩა გადათხრილი და მიტოვებულია. მაინტერესებს ამჟამად რა მდგომარეობაა“, - მიმართა მან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს.
 
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, საჯარიმო სანქციები დაეკისრა.  
 
„გასულ კვირას შემსრულებელ კომპანიას შევხვდით, რომლის მიმართაც საჯარიმო სანქციები გატარდა. ასევე, დღეის მდგომარეობით, მათთან ხელშეკრულება შეწყვეტილია. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი გამარჯვებული კომპანიაა შესული და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გვაქვს დავალება მიცემული, რომ უახლოეს დღეებში, მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
 
კახა კალაძის თქმით, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რადგანაც ეს ყველაფერი დედაქალაქის მოწესრიგებისთვის კეთდება. 
 
„სწორი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენ ყველას, მათ შორის კომპანიებსაც, რადგან ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, თავიანთი ოჯახებით და ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, სამუშაოებს გულით მოეკიდონ და კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელი დედაქალაქი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა კი, გამართული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.