მაკედონიელებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის სახელის შეცვლას
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2018 13:43
მაკედონიელებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის სახელის შეცვლას

ევროკავშირის და ნატოს ოფიციალური პირები მოუწოდებენ მაკედონიას ქვეყნის სახელწოდების შეცვლის პროცესი დაიწყოს, რაც ქვეყანას დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის გზას გაუხსნის, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

ევროკავშირის სამეზობლოს კომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ის მოელის რომ „ყველა პოლიტიკური ლიდერი პატივს ცემს ამ გადაწვეტილებას და დიდი პასუხისმგებლობით და ერთიანობით პარტიული კუთვნილების მიუხედავად წინ გადადგამს ნაბიჯს.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელზე „ტვიტერი“ დაწერა, რომ ის „ლიდერებს და პარტიებს კონსტრუქციული და პასუხისმგებლობით სავსე ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა ისტორიული მომენტი ხელიდან არ გაუშვან.“ მისი თქმით, ნატოს კარი მაკედონიისთვის ჯერ ისევ ღიაა, თუმცა „საჭიროა ეროვნულ დონეზე პროცედურების დასრულება.“

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მოუწოდებს სკოპიეს გადადგას ნაბიჯები ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა დადგენ და გამოიყენონ ისტორიული შანსი დასავლური ინსტიტუტების სრულყოფილი წევრობით ქვეყნისთვის უკეთესი მომავალის შესაქმნელად,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეტერ ნაუერტმა.

საარჩევნო კომისიის მიხედვით, მაკედონიის რეფერენდუმში მონაწილეთა 90 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელის "ჩრდილოეთ მაკედონიად" შეცვლის წინადადებას. თუმცა რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩევლის მხოლოდ მესამედმა მიიღო. ორი დღის წინ საარჩევნო კომისია აცხადებდა, რომ რეფერენდუმის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა ძალა, თუ რეფერენდუმში მონაწილეობას ამომრჩევლის ნახევარი მიიღებდა. რეფერენდუმს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ქონდა.

მაკედონიის მიერ სახელის შეცვლა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. სკოპიეს წევრობას საბერძნეთი მისი სახელწოდების გამო ეწინააღმდეგებოდა. ათენი აცხადებდა, რომ ისტორიულად მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელწოდებაა და სწორედ ამიტომ წინ უდგებოდა სკოპიეს მიერ მაკედონიის გამოყენებას.

გაეროში სკოპიეს ამ დრომდე „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ ჰქვია.