ტაქსებს შეღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს სარეკლამო კომპანიები სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასცემენ
ამობეჭდვა · 03 / 10 / 2018 13:00
ტაქსებს შეღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს სარეკლამო კომპანიები სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასცემენ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა ის სარგებელი, რასაც რეფორმის შედეგად თითოეული ტაქსის მძღოლი მიიღებს.

დედაქალაქის მერისა და ვიცე-მერის თქმით, ერთი წლის შემდეგ ქალაქს სრულიად განახლებული ტაქსის სისტემა ექნება, ამისათვის კი, თანხა არც ბიუჯეტიდან და არც ტაქსის მფლობელების ჯიბიდან არ დაიხარჯება.

„კონცეფცია და მოდელი, რომელიც ჩვენ ტაქსის მფლობელებსა და მოსახლეობას შევთავაზეთ, არის სრულიად ბრენდირებული ტაქსი, თეთრ ფერში. ტაქსის მფლობელებს საშუალება ექნებათ რეკლამა განათავსონ სატრანსპორტო საშუალებაზე და აქედან მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ შეღებვის თანხის გაღება მათ არ მოუწევთ. ამისთვის მერიამ შექმნა სისტემა, რომლითაც სარეკლამო კომპანიები დააფინანსებენ აღნიშნულ სამუშაოებს. სარეკლამო კომპანია, რომელიც ავტომანქანაზე განათავსებს რეკლამას, სატრანსპორტო საშუალებას დაუფინანსებს სალონის ქიმიურ წმენდას“, - განმარტა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 2019 წლის ოქტომბრისთვის დედაქალაქში ერთიან ვიზუალში მოქცეული ტაქსები იმოძრავებენ, რომლებიც, ასევე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტოსადგომებით ისარგებლებენ. მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობა აღნიშნული სიახლეები მოსახლეობისთვის არასწორად განემარტათ.

„რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მფლობელები საშემოსავლოსგან თავისუფალი იქნებიან. დღევანდელი სიახლე, რომ მათ გადაეცემათ ვაუჩერები და ამისთვის არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ იხარჯება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, ზოგიერთი „შტაბკვარწირის“ წარმომადგენელი ცდილობდა ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის არასწორად მიეწოდებინა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენ კარგად გვესმის ტაქსის მფლობელების სოციალური მდგომარეობა და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, 2019 წლისთვის ოქტომბრიდან ჩვენ გვეყოლება ტექნიკურად გამართული ტაქსები, ვიზუალურად მოწესრიგებული და სუფთა. ასეთი რეფორმები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რაზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და იცით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის გვეყოლება ახალი ავტობუსები, რითაც სრულად ჩანაცვლდება ძველები, ასევე მოწესრიგდება მეტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, რომელიც შარტავას ქუჩაზე იმყოფებოდა, გააჩერა ერთ-ერთი ტაქსი და პირადად მიაწოდა ინფორმაცია ტაქსებთან დაკავშირებული სიახლეებისა და მათი მფლობელებისთვის განსაზღვრული სარგებელის შესახებ.

აქვე, როგორც თბილისის ვიცე-მერმა განმარტა, ვაუჩერულ სისტემაში ჩართვა ტაქსის მფლობელების პირად სურვილზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთავაზებაა.

შარტავას ქუჩაზე თბილისის მერი საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ეცნობოდა.

ტეგები