იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი განიხილა
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2018 16:52
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, კანონპროექტის წარმოდგენა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა.

„პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით შრომის უსაფრთხოებას სახელმწიფო არეგულირებს ორგანული კანონით და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, კანონპროექტი განხილული იყო ფართო სამოქალაქო ჩართულობის ფორმატში.

კანონის გავრცელების სფეროში, პირველ რიგში, შედის მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები.

გათვალისწინებულია 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან კანონპროექტის მოქმედების არეალის გაფართოვება და კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ, თუმცა რეგლამენტები და სტანდარტები ამ სფეროებზე იქნება ბევრად უფრო დაბალი.

კანონპროექტით ჩნდება საწარმოებში შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვების ვალდებულება.

„იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექტორი უნდა იყოს მაქსიმალურად ავტონომიური თავის საქმიანობაში და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მყისიერი მოქმედება რისკებზე რეაგირების მიზნით, უნდა იყოს ინსპექტორის უპირობო დაშვება საწარმოებში, რომლის გადაზღვევა მერე ხდება ინსტიტუციების მხრიდან“,-აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მომხსენებელი სხდომის მონაწილეებს ამ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე ესაუბრა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისას, დაჯარიმებაზე უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა ექნება სამართალდამრღვევი პირის პირადი მონაცემები გადაამოწმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული ცვლილება დაჯარიმებაზე უფლებამოსილ პირს საშუალებას მისცემს სწორი და სრული მონაცემები ასახოს საჯარიმო ქვითარში, რაც შემდგომში გამორიცხავს საჯარიმო ქვითრის გაუქმებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველის მოსმენისთვის განიხილა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.

კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლის 19 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილება, კერძოდ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება“. აღნიშნულმა ნორმამ წარმოქმნა ვალდებულება, რომ „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი გარდაიქმნას ორგანულ კანონად.

კანონპროექტით დარეგულირებულია პროფესიული კავშირების შექმნის უფლება და მათი დამოუკიდებლობა, პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს პროფესიული კავშირის ძირითად უფლებებს, კერძოდ მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლებას, შრომის კანონმდებლობის დაცვისადმი პროფკავშირული კონტროლის უფლებას და სხვა უფლებებს.

კანონპროექტი ადგენს პროფესიული კავშირის უფლებათა გარანტიებს, როგორებიცაა: პროფესიული კავშირის ქონებრივი და საფინანსო უფლებების გარანტიები, პროფესიული კავშირის ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები, აგრეთვე დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის პირობების შესაქმნელად.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომდევნო სხდომისთვის გადადო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ კენჭისყრა.

რეზოლუციის პროექტის ინიციატორები - საპარლამენტო ფრაქციის ,,საქართველოს პატრიოტები“ წევრები და კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში მოხდება რეზოლუციის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნებისთვის სამართლებრივად სწორი ფორმულირების მიცემა.

რეზოლუციის პროექტის თანახმად: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები და საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.


 

ტეგები