საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 06 / 10 / 2018 00:35

ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. მან განაცხადა, რომ საქართველო ვაჟა-ფშაველას ქვეყანაა და აქ ძალიან დიდ პატივს სცემენ სტუმარს, მაგრამ შეცდომა უნდა გამოსწორდეს.

„ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ამიტომ, მე მინდა, საჩუქარი გადავცე, საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რომ მომავალში თავიდან იყოს აცილებული ასეთი უსახურობა საქართველოს რუკის და საქართველოს ერთიანობის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე ​რიჟვაძის განცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდე-ს პრეზიდენტი აირჩიეს, რუსეთიდან, კერძოდ კი, ხანტი მანსიისკიდან დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. „საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში.