ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნება
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 00:40
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნება

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნება. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგება, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

9-14 ოქტომბრის დღეებში ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნის ცერემონიალი 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება. პავილიონს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნება.