ვანო ჩხარტიშვილი ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 11:47
ვანო ჩხარტიშვილი ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ამის შესახებ ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღესვე,ზაზა ხატიაშვილმა მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „დილიჯენსის“ დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც ჩანაწერები დამონტაჟებულია.

ადვოკატის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან როგორც ხატიაშვილი ამბობს, "დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისგან მიღებული ზარალის ოდენობა."

"სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანიების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების, ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ. ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან, დაესწრონ ჩვენ მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესებს და დაადასტურონ ჩვენი სიმართლე.

ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დააანონსა, რომ ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალისა თუ ვერსიის წარდგენისა და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისგება საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
 

ტეგები