შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის შემდეგ დარღვევის შემთხვევები 9-დან 4%-მდე შემცირდა
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 12:34
შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის შემდეგ დარღვევის შემთხვევები 9-დან 4%-მდე შემცირდა

შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის შემდეგ დარღვევის შემთხვევები 9-დან 4%-მდე შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის საქმიანობის ანგარიში დღეს მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მისი განცხადებით: „ამ დეპარტამენტის ფუნქციებად ჩვენ მაშინ გამოვკვეთეთ: ქალთა მიმართ ძალადობის, ყველა სახის სიძულვილით და დისკრიმინაციის საფუძველზე დანაშაულის, არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის და სხვა სახის დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშულით პრევენციის და მათი გამოძიების ხარისხის ამაღლება.

ეს გახლავთ კრიტიკული მნიშვნელობის თემა ჩვენთვის, ჩვენ ყველას კარგად გვემის, რომ ამას აქვს სამოქალაქო-სოციალური დატვირთვაც. ეს უბრალოდ ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეს მიანიშნებს. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ, რომ დღეს ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ სერიოზული პროგრესი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წამოდგენილი სტატისტიკით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი; ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო - 9%, 2018 წლის 9 თვეში - 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) - 4%;
რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

ტეგები