რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2018 21:48
რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია

ევროსაბჭომ მოსკოვს უარი უთხრა სანქციების გაუქმებაზე. 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი. 16- მა თავი შეიკავა. სწორედ ასე გადანაწილდა ხმები და რეზოლუცია განსახილველად კომიტეტებში დაბრუნდა.

„რეზოლუცია დაბრუნდა კომიტეტებში. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში რუსეთს არ აღუდგება ხმის უფლება ევროსაბჭოში“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა.

„ეს არის ევროსაბჭოს დიდი გამარჯვება, რომ არ მიიღო რეზოლუცია და არ შეურბილა რუსეთის ფედერაციას მდგომარეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში, მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ.

რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესებში რაიმე ცვლილება, ამაზე კომიტეტებში მომავალში გაგრძელდება მსჯელობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
 

ტეგები