სასამართლომ ავღანეთში ქურდობის საქმეზე ქართველ სამხედროებს გირაო შეუფარდა
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2018 22:00
 სასამართლომ ავღანეთში ქურდობის საქმეზე ქართველ სამხედროებს გირაო შეუფარდა

ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ცხრა სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10 ოქტომბერს იმსჯელა და ცხრავე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ on.ge წერს.

2018 წლის 30 ივლისს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აშშ კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება. საქმე ეხებოდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედროების მიერ საავიაციო ბაზა ბაგრამის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიის ქურდობას. თავდაპირველად ქართული მხარე ამბობდა, რომ ქურდობაში ოთხი სამხედროს მონაწილეობა იკვეთებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 24 ივლისს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ხუთი სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. PX-ის ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში და 2 952,29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთი მოიპარა. ასევე, იმავე დღეს აღნიშნულმა ხუთმა პირმა იმავე ბატალიონის ოთხ სამხედროსთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში მოიპარა 3 599,6 აშშ დოლარის ღირებულების ნივთები.

როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, დანაშაულში სავარაუდო მონაწილე პირებს დროზე ადრე შეუწყდათ მივლინება და გამოძიებისთვის საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდნენ.

ცხრავე სამხედროს წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტების მიხედვით, რაც გულისხმობს ქურდობას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ტეგები