პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გრძელდება
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 11:36
პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გრძელდება

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. მიმდინარე წლის 1 მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა(ოთხმოცდათვრამეტი ათას ორასორმოცდაექვსმა) მოქალაქემ უფასოდ მიიღო.

აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გააკეთა. მან მიღწეული შედეგები შეაფასა და განმარტა, თუ ვის შეეხება აქცია.

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

➡ საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;

➡ მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

➡ რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

➡ მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

➡ მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;

➡ ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე;

ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, ამიტომ საარჩევნო სია მუდმივად იხვეწება. აქციის მიზანია, საარჩევნო ბაზების დახვეწასთან ერთად, მოქალაქეების თანამედროვე და სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა. ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, აღნიშნული დოკუმენტი 1 იანვრამდე სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძვნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. კარუსელს.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა; აქედან, 1 500 000-მდე ელექტრონული პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის ასევე, ფოტოსურათის გადაღების გადასახადისგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 2 600 000-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 900 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ დღეს ბაზაში 3557306 პოტენციური ამომრჩეველია, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო მონაცემების უდიდესი ნაწილი დაზუსტებული და უტყუარია, რაც, თავისმხრივ, ხელს უწყობს არჩევნების სანდო პირობებში ჩატარებას. 

რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 405 405

გადაამოწმეთ ფლობთ თუ არა აქტიურ დოკუმენტს: http://sda.gov.ge/?page_id=12869