"რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს მათ წინააღმდეგ"
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 14:21
"რუსეთი  უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს მათ წინააღმდეგ"

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ევროსაბჭოს  საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის და არის პროცესები, რომელიც აწუხებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.

„არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები. ჩვენ გვინდა, რომ  რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოში იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ.  ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესია, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა დაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც დაიწყო მუშაობა საპროცედურო ცვლილებებზე.

„მე ვფიქრობ, რომ პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.