ევროსაბჭო ე.წ. რუხ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს - თამარ ჩუგოშვილი
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 15:43
ევროსაბჭო ე.წ. რუხ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს - თამარ ჩუგოშვილი

„ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არის ქვეყნები, სადაც არ ხორციელდება მონიტორინგი და ევროსაბჭო ვერ ახდენს ზედამხედველობას ამ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, სადაც არ არსებობს არანაირი დაშვება არც ევროსაბჭოს მომხსენებლების და არც ადამიანის უფლებათა კომისრის“,-განაცხადა  სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და საუბარი შედგა  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. 

„ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაშვება მოიპოვონ ამ ტერიტორიებზე და გაეცნონ ადგილზე ვითარებას, თუ რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულია. რუსეთი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალურად ამ ტერიტორიებზე სრული მონიტორინგი განახორციელონ. დღეს გაიმართება სხდომა და მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი და  შემუშავდება რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული დაშვება და მათ შეძლონ მუშაობა ამ რეგიონებში“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.