ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2018 18:22
ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს

ჩართულობის და განვითარების ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას.

უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

“შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,” – აცხადებს HRIDC.

ჩართულობის და განვითარების ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მისი მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე.

როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციების განცხადებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.

 

 

იხილეთ სრულად