ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვან შვილს დღეს ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოკითხავენ
ამობეჭდვა · 12 / 10 / 2018 15:50
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვან შვილს დღეს ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოკითხავენ

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ფსიქოლოგის თანდასწრებით, მის მცირეწლოვან შვილს გამოკითხავენ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბავშვი დედის მკვლელობას ძმასთან ერთად შეესწრო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გარდა მცირეწლოვანისა, ორი ფსიქოლოგი და მოკლული გამრეკელავშილის დაც დაიკითხება.

თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მომხდარის გამო მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა – 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ტეგები