ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლოში 15-ზე მეტი ადვოკატი იცავს – ადვოკატი
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2018 14:24
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლოში 15-ზე მეტი ადვოკატი იცავს – ადვოკატი

საქართველოში მოქმედ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციის ლიდერ გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 15-ზე მეტი ადვოკატი იცავს (საბოლოო რაოდენობა დგინდება). ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ჭელიძის წინა სასამართლო სხდომა დღეს უნდა გაიმართოს.

ადვოკატები მოსამართლეს პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანას სთხოვენ, სადაც ყველა მათგანი მოთავსდება. სასამართლოში სიტყვის წარმოთქმას ყველა ადვოკატი აპირებს.

განახლება – მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების თხოვნა და პროცესი უფრო დიდ დარბაზში გადაიტანა.

“ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ადვოკატის ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია”, – განაცხადა ადვოკატმა გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ ამდენი ადვოკატი სასამართლოში “სააკაშვილის დასაცავად არ მივა”.

სასამართლოს დაწყებამდე ჭელიძის მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს.

გიორგი ჭელიძე პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჭელიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.