"გთხოვთ გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით"
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2018 16:04
"გთხოვთ გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით"

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე გააკეთა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინება მოითხოვა.

„განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ გვყავს არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი ინკლუზიური თეატრის, განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აზდაკის ბაღის“ თეატრი, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის აბსოლუტურად უნიკალური და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, თუ მუნიციპალურ დონეზე უნდა შეუწყოს ამ უნიკალურ დასს ხელი, რომ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი პროფესიული დასის ხელშეწყობა მოხდეს. ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გადავიტანთ სამუშაო ფორმატში და გთხოვთ, გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინება მოხდეს ინკლუზიური თეატრის მიმართულებით ზოგადად, რომელიც მოიცავს თავის თავში აზდაკის თეატრის შესაძლო მხარდაჭერას“ - მარიამ ჯაში-განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.