გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2018 18:44
გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალურ მდივანს პიტერ პუსკაის შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ბეგაძე ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის გენერალური მდივანს პიტერ პუსკაის და პროექტის კოორდინატორ ელენა რუტემ-ველტერს შეხვდა. 
 
შეხვედრაზე საერთაშორისო ტურისტული გამოფენების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუმრები საქართველოში საერთაშორისო ტურისტული გამოფენების განვითარების სტრატეგიის პროექტის ფარგლებში იმყოფებიან და ცდილობენ დაეხმარონ ამ სფეროში ჩართულ ორგანიზაციებს. 
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში გამოფენების განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.
 
„ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში გამოფენების ფორმატს იყენებს. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მათ, რომ განავითარონ თავიანთი ბიზნესი. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე  გააფართოებს იმ მომსახურების და პროდუქტების არეალს, რასაც ისინი ტურისტებს სთავაზობენ. გარდა ამისა, მაღალ დონეზე  ჩატარებული გამოფენები უფრო მეტ შესაძლებლობებს აჩენს, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარობა, რაც უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენს კულტურულ და ბუნებრივ რესურსებს“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ. 
 
შეხვედრაში მონაწილეობდა ესტონეთის ატაშე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მარგუს გერინგი.