უცნაურ ვითარებაში გამქრალი თუ მოკლული ჟურნალისტი? - რა ბედი ეწია ჯამალ ხაშოგის?
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2018 22:36
უცნაურ ვითარებაში გამქრალი თუ მოკლული ჟურნალისტი? - რა ბედი ეწია ჯამალ ხაშოგის?

უკვე მესამე კვირაა, რაც საერთაშორისო მედიასა და პოლიტიკაში აქტიურად საუბრობენ გამქრალი ჟურნალისტის - ჯამალ ხაშოგის შესახებ. ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ქართველი მკითხველისთვისაც იქნება ცნობილი - ის 2 ოქტომბერს შევიდა საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბოლში, მაგრამ უკან გამოსული აღარავის უნახავს. ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან იყო, რომელმაც ქვეყანა ერთი წლის წინ დატოვა, წავიდა ამერიკაში და "ვაშინგტონ პოსტისთვის" წერდა სტატიებს. გამოირჩეოდა კრიტიკით საუდის არაბეთის მთავრობისა და განსაკუთრებით მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის (მას შემოკლებით მბს-საც უწოდებენ) მიმართ.
 
თურქულმა მედიამ 2 ოქტომბრის შემდეგ, მალევე დაიწყო წერა იმის შესახებ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, მისი გვამი ნაწილებად დაჭრეს და ისე გაიტანეს საკონსულოდან. ამისათვის საუდის არაბეთიდან 15 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა შესვლა საკონსულოში დაფიქსირებულია ვიდეო ჩანაწერებში, დაფიქსირებულია მათი გამოსვლაც, თუმცა ხაშოგი აღარ ჩანს. თურქულმა გაზეთმა Sabah-მა ამ 15 ადამიანის სურათებიც მალევე გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდებოდა თურქულ წყაროებზე დაყრდნობით.
 
დღეს უკვე CNN და New York Times იმავე შინაარსის სტატიებს აქვეყნებენ, თუმცა უფრო დაზუსტებული ინფორმაციითა და თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
 
მოკლედ აღვწეროთ რას წერენ ისინი:
 
"თურქმა ოფიციალურმა პირმა სამშაბათს განუცხადა CNN-ს, რომ ხაშოგის გვამი ნაწილებად დაჭრეს მას შემდეგ რაც ის მოკლეს ორი კვირის წინ საუდის საკონსულოში, სტამბულში" - წერს ტელეკომპანია. "განცხადება, რომელიც პირველად New York Times-ში გაკეთდა ხაშოგისთან დაკავშირებით ადრეული გამოძიებისას, ვრცელდება მას შემდეგ, რაც თურქმა ოფიციალურმა პირებმა ჩაატარეს ჩხრეკა საკონსულოში ორშაბათს. ჩხრეკა 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თურქეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუ როგორ გაიტანეს სხეული შენობიდან".
 
ეჭვს აღძრავს 15 კაციან ჯგუფში შემავალი პირების ვინაობაც. CNN-ის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი ბინ სალმანის ახლო წრეში შემავალი პიროვნებაა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად იყო ჩარეული ან საერთოდ, იყო თუ არა ჩარეული ამ საქმეში მემკვიდრე პრინცი.