„როცა ვინმეს იყენებენ, მერე მას აგდებენ და ასე მოხდა „მაესტროს“ შემთხვევაშიც“
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 12:34
„როცა ვინმეს იყენებენ, მერე მას აგდებენ და ასე მოხდა „მაესტროს“ შემთხვევაშიც“

ტელეწამყვან ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, თავის დროზე „მაესტროს“ დამფუძნებელი მას სარედაქციო პოლიტიკის რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შეცვლას სთხოვდა. განცხადება ჟიჟილაშვილმა „პოლიტმეტრის“ ეთერში გააკეთა. 

„ჩემთვის ერთ–ერთი ძვირფასი არხი – “მაესტრო“ ველიდან გაქრა. მიკერძოების გარეშე, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ არხზე (ტვ პირველზე) ვმუშაობთ ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა არხებიდან გამოგვაგდეს და „ტვ პირველმა“ შეგვიფარა“,– განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

„თქვენ პოლიტიკური მოტივით გამოგაგდეს „მაესტროდან?“,– დაინტერესდა ნიკა ლალიაშვილი.

„კი ბატონო. ამის შემდეგ მოვყვები, ან არქივებში ვნახოთ, რის გამო გამომაგდეს. „მაესტროს“ დამფუძნებელი მე მთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შემეცვალა“,– უპასუხა ლალიაშვილს ჟიჟილაშვილმა.

„სახელისუფლებო, თუ რუსული?“,– ითხოვა დაზუსტება ლალიაშვილმა. – „ერთმანეთთან იყო თანხვედრაში“,– უპასუხა ჟიჟილაშვილმა.

„თუ სახელისუფლებო ინტერესებს ატარებდა, რატომ დახურეს „მაესტრო?“,– ისევ იკითხა ლალიაშვილმა.

„იმიტომ, რომ ინტერესი კონვერტირდა და ის საჭირო აღარ გახდა. როგორც წესი, როცა ვინმეს იყენებენ, მერე მას აგდებენ და ასე მოხდა „მაესტროს“ შემთხვევაშიც. მესტროში“ ექსპერტი ვარ ნიკა, და მოდი, მედიის საკითხზე ნუ ვიდავებთ“,– დასძინა ჟიჟილაშვილმა.

ცნობისთვის, ნინო ჟიჟილაშვილი „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან 2014 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. როგორც მაშინ ჟიჟილაშვილი აცხადებდა, მას დაუკავშირდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კოტე გოგელია და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აცნობა.

ტეგები