ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიღო კონფერენციაში თემაზე: „მასმედიის სფეროში არსებული თანამედროვე რეგულაციები“
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2018 13:58
ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიღო კონფერენციაში თემაზე: „მასმედიის სფეროში არსებული თანამედროვე რეგულაციები“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ ორგანიზებულ პირველ კონფერენციაში თემაზე: „მასმედიის სფეროში არსებული თანამედროვე რეგულაციები“, სადაც წარმოდგენილი იყო ახალი პროექტი @Media Societies – Georgia 2018.

ეკა ბესელიამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მედიასამართალი არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემური საკითხი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი თანამედროვე სამყაროსთვის.

„სამართლის რეგულირების სფეროში დღეს მოქცეული სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების და არსებული გამოწვევების ფონზე, სოციალური მედია არის ერთ-ერთი მართლაც ძალიან სერიოზული თემა. ბალანსის პოვნა, რომელიც აუცილებელია საჯარო და პირად ინტერესს შორის, ადამიანის უფლებებსა და საჯარო ინტერესს შორის - ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ქვეყანა მიიჩნევს როგორც ერთ-ერთ გამოწვევად და ამ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა და დებატები“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ისაუბრა ქართულ კანონმდებლობაში სოციალური მედიის და სოციალური სივრცის კუთხით არსებულ რეგულაციებზე და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2014 წელს მისი ავტორობით სისხლის სამართლის კოდექსში ის მუხლი გამკაცრდა, რომელიც ეხება კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევას და პირადი ცხოვრების ხელყოფის ნორმას.

„თუ ეს სივრცე არ მოვაწესრიგეთ, თუ არ შევთანხმდით, რომ ყველამ უნდა დაიცვას ეს მუხლი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაშინ ვერავინ გააკონტროლებს ადამიანების კერძო კომუნიკაციას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.

„სოციალური ქსელები ის სივრცეა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანად შეეხოს ადამიანის პირად სივრცეს, შეაღწიოს მასში და დაარღვიოს მისი უფლებები. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის რეზოლუციები, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, მათ შორის, 2017 წლის რეზოლუცია გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, მედია თავისუფლების და მედია მრავალფეროვნების საკითხებზე, სადაც საუბარია, რომ არც ერთ სისტემას არ შეუძლია ამტკიცოს, რომ ის არის დემოკრატიულო, თუ არ უზრუნველყოფს მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ამავე დროს, არ იპოვის იმ პროპორციულ ზომებს, რომელიც ამართლებს ასეთ სივრცეში ჩარევას. პროპორციულობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდს (IRZ) დროული და პრობლემურ საკითხებზე პროექტის დაწყებისთვის და გერმანიის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

ტეგები